ბორჯომის ქარხნის პრეზენტაცია
„ელემენტ ქონსთრაქშენის“ 3-წლიანი კომპლექსური სამუშაოს პრეზენტაცია 2025 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს ბრენდი ახალი ქარხნით შეხვდა.
მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია დარგში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.
„ელემენტ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბურ პროექტზე მუშაობა 2022 წლიდან დაიწყო, რა დროსაც აშენდა საწარმოო სივრცე, ენერგეტიკული ცენტრი, საწყობი, ლოგისტიკური ცენტრი და საოფისე შენობა. პროექტი ორ ძირითად ეტაპად განხორციელდა. იგი გამოირჩეოდა მოცულობითა და სირთულით.
პირველი ფაზა, 2022 წელს, მოიცავდა საწარმოო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას. აღნიშნულ პერიოდში აშენდა საწარმო და საწარმოო შენობა №1, წყლის გამწმენდი ნაგებობა და ენერგეტიკული ცენტრი. სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა მასშტაბური დემონტაჟი, რკინა-ბეტონის საძირკვლებისა და სვეტების მოწყობა, დაახლოებით 1 300 ტონა ლითონკონსტრუქციის მონტაჟი, 12 000 კვ.მ. ფართობზე სახურავისა, 7 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი კედლის სენდვიჩ-პანელის დამონტაჟება. ასევე მოეწყო ბეტონის მოპრიალებული (12 000 კვ.მ.) და პოლიმერული იატაკები.
პროექტის მეორე ფაზა, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა და მოიცავდა ახალი საწარმოო და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობას, მზა პროდუქციის საწყობის, წყლის გამწმენდი პუნქტისა და საყრდენი კედლების მოწყობას. ამ პერიოდში შესრულდა მასშტაბური სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა წინასწარ დამზადებულ ასაწყობ ლითონკონსტრუქციების პროექტირებასთან, წარმოებასა და მონტაჟთან დაკავშირებულ პროცესებს. სამუშაო გამოირჩეოდა კომპლექსურობით და მასშტაბით, 1 300 ტონა ლითონკონსტრუქცია რამდენიმე თვეში დამონტაჟდა, შემდეგ კი ცეცხლმედეგი საღებავით დამუშავდა.
2024 წლის მეორე ნახევარში მიმდინარეობდა სენდვიჩ-პანელების მონტაჟი 20 000 კვ.მ. ტერიტორიაზე, ხოლო 5 000 კვ.მ. ფართობზე, სახურავზე, ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები განხორციელდა. პარალელურად, 16 000 კვ.მ. ფართობზე მოეწყო ბეტონის ინდუსტრიული იატაკი და ამავდროულად, დასრულდა საინჟინრო სისტემების მონტაჟი. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შენობებისთვის შესრულდა სარემონტო სამუშაოები.
ქარხანა აგებულია ენერგო ეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
12.9.2025